თბილისი, 30 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ცნობილი ექიმის შვილი ირაკლი ქორიძე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქორიძე გასული წლის იანვარში შეუთანხმდა ჯგუფის სხვა წევრებს უცხოეთიდან საქართველოში „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის თაობაზე, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა კი შეთანხმება შეასრულა და აღნიშნული ნივთიერება საზღვარგარეთ შეიძინა.
ირაკლი ქორიძე 2017 წლის იანვრიდან, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ. მან ჯგუფის წევრ ჯ.ხ-ს მუშაობა დააწყებინა მედიცინის ცენტრში, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამა წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გიორგი გიორგანაშვილი და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც რეანომობილში მოათავსებდა.
ჯგუფის წევრი ჯ.ხ. დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს — ლ.შ.-ს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. 2017 წლის 23 იანვარს ის ჯ.ხ.-სთან ერთად რეანომობილით წავიდა ქალაქ ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ქორიძემ რეანომობილის თურქეთში გამგზავრებისას ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.
გასული წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანომობილით.
გზაში რეანომობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ, ვინაიდან ლ.შ.-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯგუფის ორგანიზატორმა არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა. ჯ.ხ. გამოძახებულ რეანომობილს თურქეთში წაჰყვა.
24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გიორგანაშვილს, რომელმაცმის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები გადასცა და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
2017 წლის 24 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ჯგუფის წევრი ჯ.ხ. ამ დროისთვის იგი მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე გასამართლებულია, სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ბოლო მუხლი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.