საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

საპენსიო უზრუნველყოფის სახელისუფლებო ხედვა და მოსახლეობის ლეგიტიმური კითხვები – რა იქნება შედეგი, მოეხსნება თუ არა საპენსიო წნეხი ბიუჯეტს და, რაც მთავარია, როგორია გარანტიები?
Sputnik

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ქვეყანაში ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. თანაც, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ისეთი პირი უჩანს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კასაციას აღარ ექვემდებარება… თუმცა ახალი საპენსიო მოდელის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დისკუსია კვლავაც გრძელდება და უნდა ითქვას, რომ ამჯერად არგუმენტები ორივე მხარეს ჭარბად არის. მოულოდნელი არაფერი ხდება, უკვე მერამდენედ ჩვენში ჯერ გადაწყვეტილება მიიღება და საკითხის საგნობრივი, სიღრმისეული განხილვები შემდეგ იწყება… კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემის მოდელზე ბოლო დროს ბევრი ითქვა, თუმცა კრიტიკულ, მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება ნაკლებად გამახვილდა. მთავარი კითხვები მოსახლეობის მიერ ათეული წლების მანძილზე შეგროვებული თანხების შენახვისა და განკარგვის წესებთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდება. აშკარად იკვეთება, რომ ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოს არ ენდობა და ახალ წამოწყებასაც ეჭვის თვალით უყურებს. არის შიში იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხებს სახელმწიფო სხვა მიზნებისთვის, თუმცა ასევე „ხალხის საკეთილდღეოდ“ მოიხმარს და კვლავ აქტუალური გახდება ერთი ფრთოსანი ფრაზა — არ დაგეკარგება, მაგრამ არც მოგეცემაო!

საპენსიო რეფორმა: ოპოზიცია რისკებზე საუბრობს

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე არავინ კამათობს. არსებული საპენსიო სისტემა ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. იგი ვერ უზრუნველყოფს არა თუ მაღალი, არამედ საშუალო სტანდარტის ცხოვრების პირობებს… რეგიონში ყველაზე დაბალი ოდენობის პენსია საქართველოში გაიცემა. ჩვენ ქვეყანას მეხუთე ადგილი უკავია. რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, სადაც ყოველთვიური პენსიის ოდენობა 460 აშშ დოლარია. მეორე ადგილი რუსეთის ფედერაციას უკავია. აქ პენსია ყოველთვიურად 260 დოლარია. მესამე პოზიციაზეა აზერბაიჯანი, სადაც ყოველთვიური საპენსიო ოდენობა 120 დოლარია. მეოთხეა სომხეთი. პენსიის ოდენობა აქ 85 დოლარია.

როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?

ფინანსისტები, ეკონომისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მნიშვნელოვანია კერძო დანაზოგების სისტემის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ არსებულ საპენსიო სისტემას არ გააჩნია სამართლებრივი და გაწერილი კრიტერიუმები, რაც განსაზღვრავდა, თუ რა შემთხვევაში და რა ოდენობით გაიზრდება სოციალური პენსია. თუ პენსია არ გაიზრდება რეგულარულად, არსებობს პენსიის რეალური ღირებულებისა და მსყიდველუნარიანობის შემცირების საფრთხე, განსაკუთრებით, მაღალი ინფლაციის შემთხვევაში, რაც ქართული რეალობისთვის უცხო არ არის.

საპენსიო სისტემის რეფორმა: დავაგროვოთ და მოგვეცემა?!

ფინანსისტი შოთა გულბანი: „მთავრობის ინიციატივით, სოციალური პენსიის ზრდა ინდექსირებას დაექვემდებარება. თუ სოციალური პენსიის ოდენობა საშუალო ხელფასის პროპორციულად გაიზრდება, პენსიონერთა ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და 2060 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს მიაღწევს. ეს კი მთლიანი საბიუჯეტო ხარჯის 33 პროცენტის ტოლფასი იქნება. პენსიონერთა უზრუნველსაყოფად აუცილებელი გახდება საგადასახო შემოსავლების ასევე მნიშვნელოვანი ზრდა. ფისკალური წნეხის გაზრდა ნეგატიურად აისახება სხვა სახელმწიფო პროექტებსა და ვალდებულებებზე, წინაღმდეგ შემთხვევაში, საჭირო გახდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საგადასახო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა…“

პენსიები საქართველოში – გადარჩენის ინსტრუქცია

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს, პენსია ინფლაციის შესაბამისად გაზარდოს. ამან კი უკვე გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს პენსიის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნება და ამავე დროს გაამყაროს სისტემის ფისკალური მდგრადობა. ამ მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში პენსიის მსყიდველუნარიანობა დროთა განმავლობაში დაეცემა, რაც საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიღარიბესთან ბრძოლის ამოცანის შესრულებას გაართულებს. იმის გათვალისწინებით, რომ თანდათანობით მცირდება სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და ამავდროულად იზრდება ასაკით პენსიონერთა რიცხოვნობა, ლოგიკურია, რომ სახელმწიფოს სულ უფრო გაუძნელდება სოციალური ვალდებულებების ბიუჯეტიდან დაფინანსება.

საქართველოში პენსიები 2018 წელს არ გაიზრდება

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია: „სწორედ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ნათელია და ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა ეფექტური ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის სახით. სახელმწიფო ბიუჯეტს აუცილებლად უნდა მოეხსნას საპენსიო წნეხი და ამის მისაღწევად საპენსიო ფონდს ალტერნატივა არ გააჩნია…“ 

ასაკით პენსიონერთა უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტს რომ მძიმე ტვირთად აწვება, ამას ხელისუფლებაც აღიარებს. „არსებული სახით სულ უფრო რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. მუშაობა მინიმუმ სამი წელი გრძელდებოდა. მასში არა მარტო ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ეს არის სკრუპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგები უნდა ჰქონდეს…“ — ეს სიტყვები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ეკუთვნის. 

მოსახლეობა ინტერესდება მთავრობის მიერ საპენსიო თანხების საზღვარგარეთ დაბანდების აუცილებლობის საკითხით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ელემენტარული საინვესტიციო აქსიომა — საპენსიო დანაზოგები უნდა იყოს ინვესტირებული საუკეთესო აქტივებში, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ აქტივი უნდა იყოს მაღალლიკვიდური, მეორე – მაღალგარანტირებული და, მესამე – უნდა იძლეოდეს დიდ შემოსავალს.

საქართველოში პენსია 2019 წლიდან გაიზრდება

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ყველაზე მნიშვნელოვანი ლიკვიდურობის მაჩვენებელი გახლავთ, ვინაიდან საპენსიო დანაზოგები რისკის ქვეშ დგება, თუ მათი დაბანდება ხდება არალიკვიდურ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იურიდიული ან ფიზიკური პირი შეიძენს რომელიმე კომპანიის აქციებს, საჭიროების შემთხვევაში ვეღარ გაყიდის. ლიკვიდური ბაზარი შესაძლებლობას იძლევა, საინვესტიციო პორტფელის მართვის პროცესში ფასიანი ქაღალდები სწრაფად იყიდო და სწრაფადვე გაყიდო, მსგავსი მექანიზმის არსებობა კი გრძელვადიან პერეპექტივაში ყველაზე ეფექტური გარანტიაა იმისა, რომ საპენსიო დანაზოგები არა თუ არ დაიკარგება, არამედ მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს საფონდო ბირჟა ლიკვიდურობას ვერ უზრუნველყოფს. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე აკუმულირებული აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება უნდა მოხდეს საზღვარგარეთის მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიან ქაღალდებში, ეს კი მათი საფონდო ბირჟების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და არა ჩვენი…“

ერთი სიტყვით, დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალი საპენსიო სისტემა ქვეყანაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვის ფონზე აიღებს სტარტს… რა იქნება მერე? ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი ტრადიციულად იქნება ასევე „მერე“, ან საერთოდ არ იქნება!