თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო მეზობლის განზრახ მკვლელობაში და 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია დანაშაულზე, რომელიც ბრალდებულმა 2017 წლის ივნისში ჩაიდინა. დაკავებული წარსულში არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით თავის მეზობელთან შუაღამეს მივიდა.
მეზობელთან დაწყებული საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ამოიღო დანა, მეზობელს თავში ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მეზობელი იმავე წლის ივლისში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში მეზობლის გარდაცვალებიდან მეექვსე დღეს დააკავეს. ბრალდებული ადრე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი.
მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.