21 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატმა შენიშვნა მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი - სანაპირო და მეტეხის ციხე
თბილისის ხედი - სანაპირო და მეტეხის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ორგანიზაციის სახელით პირობა დადო, რომ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ნაირა ოტიაშვილის ქმედებებზე, რომელიც გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს იცავს

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გამოვიდა კრიტიკით ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის მისამართით იმის გამო, რომ მან 21 წლის მოკლული გოგონას პირად ცხოვრებაზე საჯარო განცხადებების გაკეთება დაიწყო.

გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილი თემქის დასახლებაში ხუთშაბათს, დილით იპოვეს. გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან საშინაო ტანსაცმელში სატელეფონო ზარის შემდეგ ღამით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, რომ ნაცვლიშვილს, რომელიც ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ხვდებოდა, ინტიმური ურთიერთობა სხვა მამაკაცთან ჰქონდა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

„ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან. ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს“, — დაწერა ასათიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში 21 წლის გოგონას შეყვარებულმა ყელი გამოჭრა – ახალი დეტალები

მისი თქმით, ოტიაშვილის ქმედებები ადვოკატების კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევს.

„მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები“, — აღნიშნა ასათიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. ოტიაშვილი დარწმუნებულია, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე ემუქრება, რადგან საქმეში BMW-ს მარკის უცნობი მანქანა და მძღოლი ფიგურირებს, რომელიც მის დაცვის ქვეშ მყოფს შეიძლება ემუქრებოდეს.

პარასკევს საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა მკვლელობის შემდგომ პერიოდში გრიგალაშვილის მოქმედებებზე ისაუბრა. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან მომხდარის ადგილი დატოვა და ფაქტობრივად მიიმალა — გამოიცვალა ტანსაცმელი, გადამალა დანა და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოს ანა ნაცვლიშვილი ზარებს და სოციალურ ქსელში არ პასუხობდა, დაღუპულის ოჯახში მივიდა და მეგობრებთან ერთად მის ძებნას შეუდგა.

თავის მხრივ, დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანა გრიგალაშვილის მამის მანქანაში იპოვეს, და მისი როგორც სამხილის გამოყენება არ შეიძლება.


ყველა ახალი ამბავი
0