10:18 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
68120

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველო, ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრობს.

ყველაზე მეტი დაბნეულობა და გაურკვევლობა ქვეყანაში შემოსვლის ან გამგზავრების მსურველებს აქვთ, რადგან  მსოფლიო რუკაზე მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და ასევე ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია საქართველოშიც.

დღეს არავის აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა შეიცვლება 1 ივლისიდან, მაშინ, როცა ევროკავშირი საზღვრებს გვიხნის, გაიხსნება თუ არა საქართველოს ცა, დაგვჭირდება თუ არა ე.წ. კოვიდ-პასპორტები ან ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი, ძალაში დარჩება თუ არა დღეს მოქმედი რეგულაციები. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველა იმ ინფორმაციისთვის, რაც დღეს არსებობს და რომელსაც საქართველოში შემომსვლელი ყველა პირი უნდა დაექვემდებაროს.

უკვე რამდენიმე თვეა, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 14-დღიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს სასტუმროებში გადიან, რომლებიც საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა. ამ დროისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოპერირებას უწევს დაახლოებით 90 საკარანტინო ზონას, რომლებიც 5 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.

თუმცა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივნისის N391 დადგენილებით განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებიც საქართველოში შემოსვლისას კარანტინს/იზოლაციას არ დაექვემდებარებიან.

დადგენილების მიხედვით, იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

1. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები;

2. საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას.

ახალი წესების მიხედვით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზტაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარმოადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი.

რაც შეეხება უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებულ საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრებს, ისინი ვალდებული არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

დღეს მოქმედი კანონით, ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, უცხო ქვეყნიდან შემოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში კარანტინს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემოსვლის მსურველი მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ასევე ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკარანტინო ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსება მოითხოვოს. ამისთვის მათ უნდა შეავსონ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა.

კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნა შეიძლება:

- თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვ.) შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას წარადგენს;

- საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით;

- სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.

გასათვალისწინებელია, რომ თვითიზოლაციის სპეციალური მოთხოვნის ფორმა მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ და შევსებული კითხვარი უნდა გაგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 18 მარტიდან შეიზღუდა. დღევანდელი მდგომარეობით, ეს შეზღუდვა ისევ ძალაშია. თუმცა არავინ იცის, ხვალიდან რა შეიცვლება, გაიხსნება თუ არა საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ან საქართველოს მოქალაქეები თუ შეძლებენ საზღვრის კვეთას. ამ ეტაპზე კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, გარდა:

- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა;

- შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;

- ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები);

- მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;

- სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა;

- საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა.

- ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა 2020 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ეს ეხება იმ პირებს, ვინც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე.

მთავარი თემები