12:17 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
უფროსკლასელები

„გამოცდებს რომ გამოცდები, გამოცდების გამო ცდები“ – ანუ საკამათო დილემა განათლების სფეროში

© Sputnik / Alexander Imedashvili
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
განათლება საქართველოში (102)
328 0 0

ჩემი თაობისთვის პოპულარული, სათაურში ატანილი ეს კალამბური არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ისევ გააქტიურდა. თანაც იმ დონეზე, რომ სკოლის მოსწავლეებმა, ვისაც ეს ცვლილება არ შეეხო, ლამის საპროტესტო მარში მოაწყვეს...

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, არც ისე დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა. ის მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ე.წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ, ან არ თუ ვერ გავიდნენ გამოცდებზე, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუ ყველა საგანში დადებითი შეფასება – 5 ან მეტი ქულა აქვთ. ასევე კლასზე „გადახტომის“ ან ექსტერნად გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუ ყველა საგანში დადებითი შეფასება – 5 ან მეტი ქულა აქვთ. ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც შეეხო, სადაც უნარ-ჩვევების გამოცდა მოიხსნა. 

გადავწყვიტეთ, ბოლო ცვლილებებზე, ზოგადად განათლების საკითხებზე საკუთარი კომენტარის გარეშე სამი მოსაზრება გაგაცნოთ. ორი მათგანი საქართველოში არსებული საჯარო სკოლების პედაგოგებს ეკუთვნით, ხოლო მესამე – ისრაელის მოქალაქეს, რომელმაც აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა...

კატო ცენტერაძე  – ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კატო ცენტერაძე
ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კატო ცენტერაძე

– ქალბატონო კატო, როგორია ზოგადად განათლების სისტემაზე თქვენი მოსაზრება?

– პირდაპირ მოგახსენებთ: სანამ განათლების მინისტრად ისეთი პიროვნება არ მოვა, რომელსაც ბოლო ხანებში (და არა ახლო, მით უმეტეს, შორეულ წარსულში), სულ მცირე, სამი წელი მაინც არ ექნება სკოლაში, ხაზს ვუსვამ, სკოლაში ნამუშევარი, განათლების სისტემაზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა სასკოლო ოლიმპიადების საკითხები აღებულია არა სახელმძღვანელოებიდან, არამედ გაძლიერებული პროფილის სპეციალური პროგრამებიდან და იმარჯვებენ გაძლიერებული პროფილის სკოლების მოსწავლეები (მაგალითად, კომაროვის სკოლა – მათემატიკაში) და „გამარჯვებულ“ სკოლებს გულწრფელად უხარიათ (ეს კი იგივეა, 90 წონითი კატეგორიის სპორტსმენს 50-ის კატეგორიაში გამარჯვება გაუხარდეს) და განათლების სამინისტრო ამას ვერ მიხედავს, ვფიქრობ, სისტემაზე ფიქრი კი არა, ზრუნვაა საჭირო. ოღონდ, ეს ამბავი ჯერ უნდა გაინტერესებდეს, შემდეგ გაარკვიო და საბოლოოდ რეალურად მიხედო კიდეც.

თამარ ქუთათელაძე  – თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

თამარ ქუთათელაძე - სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
თამარ ქუთათელაძე - სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

– ქალბატონო თამარ, გამოცდები აუცილებელია თუ არა?

– სკოლაში აუცილებელია, რომ იყოს სისტემური, მუდმივი, საფეხურიდან საფეხურზე გარდამავალი გამოცდები, როცა მოსწავლე იძენს პასუხისმგებლობას და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის სიკეთეს აცნობიერებს. სასწავლო პროცესი მაინც უწყვეტია საგნების პრიორიტეტულობის მიუხედავად – ვერ აბარებს გამოცდას მე-8 კლასში, ე.ი. ვერ გადადის მე-9-ში და ა.შ. სკოლის დამამთავრებელი, პლუს ეროვნული გამოცდები და, მით უმეტეს, აუცილებლად ისტორია-მათემატიკაში, არასწორად მიმაჩნია. ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, უცხო ენა და მესამე არჩევითი საგანი იქნებოდა მეტად ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ, რადგან არც უმაღლეს სასწავლებლებში დახვდებათ აბიტურიენტთა  გადარჩევის უკეთესი მექანიზმი, ამიტომ ჯერჯერობით ამ სტადიაზე მთლიანად უგამოცდოდ, ანუ სკოლის მიერ მინიჭებული ქულით აბიტურიენტის ჩარიცხვა სასწავლებელში ვერ იქნება ობიექტური ვერც აკადემიური და ვერც საკონკურსო პირობებით.

– დღეს ყველა საუბრობს ამ სფეროში აუცილებლად გასატარებელ რეფორმებზე, თქვენ რას შეცვლიდით განათლების სისტემაში?

– შევცვლიდი სტრუქტურას, რომელშიც ყველა საფეხურზე – სკოლამდელ, სასკოლო, პროფესიულ, უმაღლესი განათლების, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებზე კომპლექსური ცვლილებები სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ერთდროულად, კომპლექსურად, ნელ-ნელა და ამავდროულად რადიკალურად. კერძოდ, ქაღალდზე დეკლარირებული „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ უნდა ვაქციოთ რეალურად. როგორ? ურთულესი კითხვაა და ერთი კონკრეტული სწორი პასუხი არც არსებობს. ამ საქმეს წარმატებული საგანმანათლებლო ქვეყნების მქონე სისტემები არეგულირებენ ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური პრიორიტეტებითა და ეროვნული მიზნების შესაბამისად, საზოგადოების ჩართულობით. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი, ამიტომაც გვიჭირს კეთილი სურვილები რეალურ საქმედ ვაქციოთ. მინისტრების ცვლილებაზე მიბმული საგანმანათლებლო სისტემა, დაბალი კვალიფიკაციის კადრები, მძიმე ფინანსური მდგომარეობა, სოციუმის (მშობლის) დაბალი განათლება, არასწორი მენეჯმენტი, არაფოკუსირებული, ზედმიწევნით ჩამოუყალიბებული სამომავლო მიზნები და ა.შ.

– თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯებია ამ ცვლილებებისთვის აუცილებელი?

– აუცილებელია: სკოლებში მასწავლებლების „გადახალისება“ ასაკობრივი, განათლების, პედაგოგიური კვალიფიკაციის მიხედვით, და არა გამოცდებით, რომლებიც აქამდე არსებობდა. არ ამართლებს გამოცდების სისტემა არც მასწავლებლებში. არც აქ გამართლდა მოლოდინი, რადგან ყურადღების მიღმა დარჩა გაკვეთილი, პრაქტიკული საქმიანობა. მთავარია – პროცესი გაკვეთილზე. თანამედროვე მასწავლებელი უნდა ახერხებდეს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, ცხოვრებისათვის, პრაქტიკული, თამამი და ახალი იდეებისათვის მომზადებას, ეს პროცესები კი სკოლაში რთულად ან თითქმის არ მიმდინარეობს და ხშირად სკოლის დირექტორის ან მასწავლებლის სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც არსებობდა, იყო დასახვეწი და არა გასაუქმებელი. უნდა მოეხსნათ არაფრისმომცემი აქტივობები თანმხლები დოკუმენტაციის წარმოებით, შეენარჩუნებინათ მთავარი, ძირითადი საქმიანობის გაზომვის შესაძლებლობა – გაკვეთილი, სასწავლო პროექტები, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და ტრენინგები კარგი გაგებით, კვალიფიციური და პროდუქტიული. ასეთი აქტივობებით დატვირთული მასწავლებლები ნამდვილად უამრავ საქმეს აკეთებდნენ სქემის ფარგლებში. იფიქრებთ, ალბათ, თუ აკეთებდნენ და ამას საფუძვლად პროფესიონალიზმი ედო, კვლავაც განაგრძონ მინიჭებული კრედიტ-ქულის გარეშეო. დიახ, შესაძლოა, კვლავაც იმუშაონ აქტიურად, მაგრამ თუ მოტივაცია არ არსებობს, რთულია დავეყრდნოთ მასწავლებლის ან ადმინისტრაციის კეთილ ნებას. ასე არც ერთი სახელმწიფოს განათლების სისტემა არ მუშაობს.

– ადრე არსებობდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, რომელთა აღდგენისთვის გარკვეული სამუშაოები დაწყებულია...

– აუცილებელია პროფესიული სასწავლებლებით მოსწავლეთა დაინტერესება, მაგრამ, პროფსასწავლებლების პოპულარიზაციის მიუხედავად, დასაქმების სფეროს გააქტიურების გარეშე ეს აბსოლუტურად უშედეგო იქნება. უმაღლეს სასწავლებლებში აუცილებელია პროფესორ-მასწავლებლების „გადახალისება“ ასაკობრივი, განათლების, პედაგოგიური კვალიფიკაციის მიხედვით. სტუდენტები, რომლებიც საკმაო თანხას იხდიან საბაკალავრო პროგრამის ათვისებაში, მინიმალური ცოდნით ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს. არავისთვისაა დასამალი, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხი ძალიან დაბალი დონისაა. აქაც მთავარია სწავლის პროცესი და ადეკვატურად შედგენილი პროგრამები (კურიკულუმები). სკოლამდელი, დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლები მუშაობენ ძირითადად უძველესი პროგრამებით, ტექნოლოგიებისა და ასაკობრივი ჯგუფის განვითარებაზე ორიენტირებული მინიმალური რესურსის გარეშე. აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება და არა სკოლამდელი დაწესებულებების კოსმეტიკური რემონტი...

სოციალურ ქსელებში დაინტერესება გამოწვია ისრაელის მოქალაქის, პროფესიით ექიმი-კოსმეტოლოგის, საქართველოს დიდი მეგობრის ანა კოლი-შიმშილაშვილის მიერ განათლების თემაზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, სადაც იგი სასკოლო განათლების თემას ისრაელის მაგალითზე განიხილავს.

ანი შიმშილაშვილი-კოლი
ანი შიმშილაშვილი-კოლი

– ქალბატონო ანა, თქვენ განათლების თემაზე სოციალურ ქსელებში ისრაელში არსებულ სასწავლო პროცესებზე ისაუბრეთ...

– ჩემი ბავშვობის დროინდელ ფრაზას „გამოცდებს რომ გამოცდები“, ასე დავასრულებდი – „ახალ გამოცდებს იწყებ“. გეტყვით, რომ ისრაელში არ არის კერძო სკოლები, სულ რამდენიმეა, სადაც უცხოელი ელჩების შვილები სწავლობენ. ჩვენთან სკოლების 99,99% საჯაროა. გამოცდებს რაც შეეხება, ჩვენთან მე-8 კლასში მოსწავლეები აბარებენ მისაღებ გამოცდებს და სკოლის პარალელურად უნივერსიტეტში ირიცხებიან. ვინც ბარ ილანის უნივერსიტეტის (ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტია ისრაელში) გამოცდას გაივლის, მისთვის სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება.

– ანუ მოსწავლეებს სკოლის პარალელურად, 18 წლის ასაკში სრულუფლებიანი დიპლომი აქვთ?

– დიახ, ყველას არა, მხოლოდ რჩეულებს. ჩემი ქალიშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მან მათემატიკოსის დიპლომი აიღო და სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებიდან გათავისუფლებულები იყო. ანუ სკოლა, სახელმწიფო თავად ზრუნავს ამ ბავშვებზე და მათ თავიდანვე ურჩევს მიმართულებას მათივე შესაძლებლობების მიხედვით. აქ ბავშვებს აძლევენ თავისუფალ არჩევანს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვურჩიოთ, გადაწყვეტილებას კი ისინი იღებენ. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სკოლის ატესტატია საჭირო. პლუს უნივერსიტეტის გამოცდა – ფსიქომეტრი. ატესტატის ქულები და ფსიქომეტრის ქულები ჯამდება. თუ სკოლის ატესტატის ქულები დაბალია, უნივერსიტეტი საბუთებს არ იღებს და მას გადაბარების შანსს აძლევს. იმის გარდა, რომ მათ აქვთ უძლიერესი გამოცდები, ჯარი ცალკე გამოცდებს უტარებთ და ჯერ კიდევ XI-XII კლასებში მათი გადანაწილება სამხედრო სამსახურში ხდება. ანუ, ჩვენთან სულ გამოცდებია და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენა, რათა ეს ბავშვები არ დაკარგონ და სახელმწიფოს გამოადგნენ. თუ აქამდე სახელმწიფო ზრუნავდა მათზე, შემდეგ მოდის დრო, რომ ბავშვებმა თავად იზრუნონ სახელმწიფოზე. ალბათ ხვდებით, რომ ისრაელში არც ვაშლებს არიგებენ და არც გამოცდებს აუქმებენ...

 

თემები:
განათლება საქართველოში (102)

მთავარი თემები