ქვრივიშვილი „სარტყელისა და გზის“ ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
მინისტერიალი 25-27 ნოემბერს ჩინეთში მეოთხედ იმართება და მისი მიზანი ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებაა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მინისტერიალი 25-27 ნოემბერს იმართება და მისი წლევანდელი თემაა – „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება.
ღონისძიების მიზანია ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება.
„სარტყელისა და გზის“ ენერგეტიკული მინისტერიალი მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივი პროექტებისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებას.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ვანგ ხუნგჭისთან, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0