რწმენას უდიდესი ძალა აქვს - საქართველოს პირველმა პირებმა მოსახლეობას გიორგობა მიულოცეს

© Government of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2026
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. რწმენას უდიდესი ძალა აქვს - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში სიტყვით გამოსვლისას, მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.
დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობაა. წმინდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
„ჩვენს მებრძოლებს, როცა უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, გამოუვალ სიტუაციებშიც ყოველთვის არა მხოლოდ ზეციურ მფარველად მიაჩნდათ წმინდა გიორგი, არამედ თანამებრძოლად. ეს არაერთმა ჩვენმა მართლაც საკვირველმა ბრძოლებმა დაგვანახა, რომ რამხელა ძალა აქვს რწმენას, ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას და აქამდე მოვიდა ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო. ეს უდიდესი განძია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენმა თანამედროვე ხალხმა მოგვიტანა აქამდე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქე უნდა დაფიქრდეს თუ რა არის მისი ცხოვრების არსი და მისია.
„ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა. ამის უდიდესი მაგალითია სწორედ წმინდა გიორგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა დაასახელა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული:
წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი,
ეს პირველი გიორგობაა უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის გარეშე,
პატრიარქი შიო მესამე პირველად გაუძღვა საზეიმო ლიტურგიას ამ დღეს.
„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მორწმუნე ადამიანი შიშით უყურებდა ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნით და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პატიმარი შეიწყალა.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
ყველა ახალი ამბავი
0