მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა

© political party "Georgian Dream"მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
პოლიტიკიდან წასულ საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაენიშნა
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებაში.
პოლიტიკიდან წასულ საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაენიშნა - დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის - მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 სექტემბრის განკარგულება“, - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა ენიშნებათ, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების ექს-მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2026 წლის 27 აგვისტოს განაცხადა - მინისტრის თანამდებობამდე მას სუს-ის უფროსის და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტები ეკავა.
მამუკა მდინარაძეს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
მამუკა მდინარაძის შესახებ
განათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.
2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.
30 ივლისს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0