რუსეთთან არსებული პრობლემები გადასაჭრელია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

© Courtesy of Maka Bochorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრა სპეციალურ წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი იყო
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან არსებული საკითხების მოგვარება დიალოგის გარეშე შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა მინსკში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში (რომელიც, ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებს) გიორგი ზურაბაშვილი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი.
მინსკში 19 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სპეცწარმომადგენლების პირველი შეხვედრა იყო. ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა.
„ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არ იყო პრინციპული მომენტი, თუ რომელ ქალაქში ჩატარდებოდა შეხვედრა.
„შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები შეხვედრის მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში. არის გარკვეული საჭიროებები, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა და ამ შემთხვევაში ადგილი სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
რაზე ისაუბრეს მხარეებმა შეხვედრაზე?
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ისევე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არ აკონკრეტებს, რა საკითხებში მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად. პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0