აფეთქება ფონიჭალაში: სამაშველო სამუშაოები დასრულებულია

© Courtesy of Ministry of Internal Affairsსულხან თამაზაშვილი
სულხან თამაზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი, ასევე დაშავდა ხუთი ადამიანი
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. როგორც ადრე მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსის ორი სადარბაზო საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, 28 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, მერიამ მათთვის სასტუმრო გამოყო.
მინისტრის თქმით, დაშავებული ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. მაშველებმა ცოცხლად ამოიყვანეს სამი წლის ბავშვი, რომელმაც ნანგრევებში რვა საათი გაატარა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, გოგონას დედა დაიღუპა.
„ასევე სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წვერებს მივუსამძიმრო. ტრაგედია არის, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვისა“, - განაცხადა მინისტრმა.
თამაზაშვილის თქმით, გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კრიმინალისტების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და ასევე სამაშველო ღონისძიებებში, ასევე მუნიციპალურ სამსახურებს.
„პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის საშუალებებსაც“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0