ქართულმა მხარემ მინსკში რუსეთთან შეთანხმებების მიღწევა დაადასტურა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სპეცწარმომადგენლების პირველი შეხვედრა იყო. ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა.
„შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ისევე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არ აკონკრეტებს, რა საკითხებში მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად. პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0