იაღლუჯის მთის მასივზე მიწების რეგისტრაცია იწყება: ვის შეეხება გადაწყვეტილება

© Sputnik / Alexander Imedashviliმიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყების შესახებ.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთები რუსთაველებს გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაეცათ და მათ დაკანონებას ათწლეულების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ამის ძირითადი მიზეზი იყო დოკუმენტაციის არასრულყოფილება, საკადასტრო და ადმინისტრაციული საზღვრების პრობლემა, გასხვისებული ტერიტორიები და ა.შ.
უწყების ცნობით, საკითხის შესწავლისა და მისი სამართლებრივად მოწესრიგებისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისი მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები.
კერძოდ, სამუშაო ჯგუფმა საკითხის სირთულის გათვალისწინებით შეისწავლა არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები და პროცედურები.
„სარეგისტრაციო პროცესი იწყება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ სირთულეები იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო პროცესში შესაბამისი უწყებები საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან თითოეული საკითხის შესწავლის მიზნით, შეაფასებენ მოქალაქეების ხელთ არსებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივ საფუძვლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე (Slr.napr.gov.ge) წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ.
სააგენტო უკვე ფლობს მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და პროცესის ფარგლებში განიხილავს. კერძოდ, საჯარო რეესტრი თავად მოიძიებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც რეგისტრაციისათვის არის კანონით სავალდებულო.
დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც, შესაძლოა გახდეს აუცილებელი იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ფილიალებში.
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დასადგენად დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება.
საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან ხორციელდება. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ დრო ან სხვა მიზეზების გამო ვერ შეძლეს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის რეგისტრაცია, ქონების რეგისტრაციისთვის ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0