მამაკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა 25 ათას დოლარად შეუკვეთა: გარდაბანში 1 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
გამოწერა
ბრალდებული ყოფილი ცოლის მოკვლას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით გარდაბანში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა განქორწინების შემდეგ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
„ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 ათასი დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0