თბილისი მოწვევის ფორმატმა არ დააკმაყოფილა: პრემიერმა ევროკავშირისთვის პირობები განსაზღვრა

მარტა კოსი
მარტა კოსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს „სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას", რისი ნაკლებობაც დღეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან შეინიშნება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველო რეაგირებას მოახდენს ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაზე და თუ შესაბამის მოწვევას მიიღებს ევროკავშირის ღონისძიებებში მონაწილეობას წარმომადგენლობის სათანადო დონეზე მიიღებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი ასე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მინისტერიალში მონაწილეობაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება. საქართველო ღონისძიებაზე ელჩის დონეზე მიიწვიეს, რამაც ოფიციალური თბილისი არ დააკმაყოფილა.
„ღირსეულ მოსაწვევს სადაც მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს „სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას", რისი ნაკლებობაც დღეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან შეინიშნება.
ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმზე საქართველოს არმიწვევას კობახიძემ უწოდა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„რუსეთისგან იზოლაციისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველო ევროპისთვის რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას და აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბრიუსელში 15-16 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმი „ფართო ევროპა – ძლიერი ევროპა“ ტარდება, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი მასპინძლობენ. ღონისძიება აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხების განსახილველად. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს მოწვევა არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0