ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე პენიტენციურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს ბრალი წარედგინათ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
აღნიშნულ საქმეზე ახალი ბრალდება წარედგინათ კიდევ 5 პატიმარს, მათ შორის ვატო ყიფიანსა დაავთანდილ ბილანიშვილს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ახალი ბრალდება წარედგინათ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანიას), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“), დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს.
პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერში №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
"იმავე დღეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით", - აღნიშნულია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს, რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში "ავტორიტეტებად" მოიხსენიებენ, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გასულ კვირაში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0