საქართველოს რომელიმე რეგიონი და ქალაქი ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციას დუმეგობრდებიან

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ხანჭოუ
ქალაქი ხანჭოუ - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
მოლაპარაკებების მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობა, ტექნოლოგიური განვითარება და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კავშირების განმტკიცება იყო.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ჩინეთის ჭეძიანგის პროვინცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ცენტრი, ქალაქი ხანჭოუ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან და ერთ-ერთ ქალაქთან დაძმობილდებიან, განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მოინახულა ქალაქი ხანჭოუ, რომელიც ჭეძიანგის ​პროვინციაში მდებარეობს. ეს ქალაქი და პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნესჰაბია, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია „ალიბაბა“.
„მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს პროვინცია და ეს ქალაქი დაუმეგობრდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონსა და ქალაქს. მონახაზი გვაქვს ამასთან დაკავშირებით უკვე და ვიწყებთ ამის გარშემო მუშაობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის ტქმით, ჭეძიანგის ​პროვინცია არის მოწინავე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ჩინეთში. არა მარტო კულტურული, არამედ, პირველ რიგში, ეკონომიკური თანამშრომლობა ამ პროვინციასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ხელოვნური ინტელექტის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების საამქრო, შეიძლება ითქვას, არის აქ. აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება ამ პროვინციასთან“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამ პროვინციის დედაქალაქი, სადაც საქართველოს დელეგაცია ახლა იმყოფება, არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პორტი და ინდუსტრიული ცენტრი.
ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ჭაო კუანგძუნთან.
„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ – ჭეძიანგის პროვინციაში. მოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითი დღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. ამ პროგრესში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი შეხვედრაც, რადგან გვაქვს სრული მზაობა, ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ მთავრობათა შორის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და ჩვენი პარტნიორობა გავხადოთ ბევრად უფრო მტკიცე“, - განაცხადა ჭაო კუანგძუნმა.
თავის მხრივ, სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს გამოხატულ მეგობრობას და პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება სურს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით და ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია ინვესტიციებისთვის.
„ჩვენ ვაძლიერებთ ყურადღებას ტექნოლოგიური და IT სფეროს განვითარების მიმართულებით, ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება ორივე მხარისათვის. შეგვიძლია, განვიხილოთ ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება საქართველოს რომელიმე ქალაქთან, რაც გააღრმავებს ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს ადგილობრივი მთავრობების დონეზე. საინტერესოა თქვენი გამოცდილება თვითმმართველობის მართვის სისტემებთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0