„პოლიტიკოსები წავლენ, ევროპა დარჩება“: რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, საქართველოს ევროპული იდენტობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირის ინსტიტუტებს წარმოადგენენ.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, რადგან ის იზიარებს საერთო ღირებულებებს, ტრადიციებს, კულტურასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპული ურთიერთობების ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ევროპული იდენტობა არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირის ინსტიტუტებს წარმოადგენენ.
„შეიძლება, გაჩნდეს კითხვა: რატომ გვსურს ევროკავშირის წევრობა, თუ ჩვენგან ომის დაწყებას მოითხოვენ ან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში ერევიან? ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული ადამიანები – პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები მოდიან და მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება.
საქართველოს სურვილი გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო და იგი ღრმად არის ფესვგადგმული ქვეყნის ტრადიციებში, კულტურასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაში.
ამავდროულად, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები შეცვლიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და შეწყვეტენ ქვეყნის შიდა დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას.
„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისინი აღარ ჩაერევიან ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და აღარ შეეცდებიან, საქართველოს არასასურველი სცენარებისკენ უბიძგონ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0