ევროკომისიის მოთხოვნები საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს - კალაძე

© Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი მზადაა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის უახლესი ანგარიში საქართველოს შესახებ ტყუილსა და ქვეყნის მიმართ უსამართლო მოპყრობაზეა დაფუძნებული და მასში ასახული მოთხოვნები ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ერთ-ერთი კონკრეტული პუნქტით გვეუბნებიან, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოხდეს გარედან. რიგით მოქალაქეებს ვეკითხები ჩვენ, ჩვენი წინა თაობები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ Imedi Live-ის ეთერში.
კალაძის თქმით, ევროკომისიამ გასულ წელსაც საქართველოს შესახებ მსგავსი შეფასებები გამოაქვეყნა. მისი აზრით, ამჟამინდელი ანგარიშსაც არ გააჩნია ფასი, რადგან ის მიკერძოებულ მიდგომას ეფუძნება.
მან ასევე გააკრიტიკა ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მეგობარს უწოდებენ, მაგრამ ამავდროულად ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყანას და მის ეკონომიკას.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა შანტაჟი, ცილისწამება და მუქარა, რომელიც, მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან მოდის, პარტნიორულ ურთიერთობებთან შეუთავსებელი უწოდა.
„ევროკავშირის სახელით მიმდინარეობს მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება, მუქარა. პირდაპირ ვთქვათ ეს არ არის მეგობრობა. უნდათ შენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზადაა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ჯანსაღ და ორმხრივად სასარგებლო საფუძველზე უნდა აშენდეს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0