საქართველო-აზერბაიჯანი-ბულგარეთი-თურქეთი სუფთა ენერგიის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
ხელმოწერის ცერემონია ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერის ცერემონია თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა.
შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.
ყველა ახალი ამბავი
0