ყაველაშვილი COP31-ზე: საქართველო მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ

© Сourtesy of Georgian Governmentმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებასთან.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. კლიმატის ცვლილება სულ უფრო შესამჩნევი ხდება ყველა ქვეყანაში და საქართველოც მოწყვლადია რისკების წინაშე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP31) სიტყვით გამოსვლისას.
„დღევანდელი შეკრება ხდება იმ დროს, როდესაც კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მსოფლიოს ყველა რეგიონში, განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო მძიმე, ხშირი და თვალსაჩინო ხდება", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებასთან.
„ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას – ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ გლობალური საფრთხეა, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისა და უსაფრთხო მომავლის აშენების შესაძლებლობაც.
„სამწუხაროდ, თანამედროვე მწვავე გეოპოლიტიკური პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც გვაფიქრებს იმაზე, თუ რა ტრაექტორიით ვითარდება კაცობრიობა და როგორი სამყარო გვსურს, დავუტოვოთ მომავალ თაობებს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
„ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას ანტალია 9-20 ნოემბრის პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი გლობალური სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები, გარემოსდამცველები და ექსპერტები კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზებსა და ახალ ვალდებულებებზე მსჯელობენ. წელს კონფერენციის მთავარი განსახილვევლი საკითხებია გლობალური დათბობის 1.5°C ფარგლებში შენარჩუნება, წიაღისეული საწვავიდან მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და კლიმატური დაფინანსების მექანიზმების გადახედვა.
ყველა ახალი ამბავი
0