ის დონე არ არის: რატომ არ აპირებს საქართველო ევროკავშირის მიწვევის მიღებას

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
თბილისი ევროკავშირთან მინისტერიალებზე მონაწილეობას მინისტრების დონეზე ითხოვს
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში, თუმცა ექსკლუზიურად იმ დონეზე, რომელზეც შეხვედრები იმართება – სხვა დონეზე მიწვევებს თბილისი არ განიხილავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა გიიომ მერსიემ დაადასტურა, რომ ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს მიწვევა არ მიუღია, თუმცა, საქართველო მიწვეული იყო სხვა პარალელურ ღონისძიებაზე — 16 ნოემბრის მინისტერიალზე, რომელიც დაკავშირებადობის საკითხებს ეხება. ამასთან, ქართულ მხარეს მიწვევა უფრო დაბალ, წარმომადგენლობით დონეზე გაეგზავნა.
მერსიეს თქმით, ბრიუსელის ურთიერთობები თბილისთან შეზღუდული დარჩება იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზადყოფნას, შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
„საქართველო თუ იქნება მიწვეული იმ დონეზე, რა დონეზეც იმართება მინისტერიალის შეხვედრა, რა თქმა უნდა, საქართველო მიიღებს მონაწილეობას, სხვაგვარ მოწვევას საქართველო არ განიხილავს და არ განიხილავს სხვა დონეზე აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, თბილისის პოზიცია ევროკომისიისთვის არაერთხელ იქნა მიწოდებული. თუ ბრიუსელი დაინტერესებულია საქართველოსთან დაკავშირებადობის საკითხების განხილვით, მან ქვეყნიდან შესაბამისი წარმომადგენლები უნდა მიიწვიოს.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უფრო დაბალ დონეზე მიწვევას უწოდა ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოსდა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.
ამასთან დაკავშირებით ბოჭორიშვილმა გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუ ტელეარხ Euronews-თან და აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა, მისი თქმით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში ინსტრუმენტად ერთობლივი ფოტოს გადაღების ფაქტიც კი გამოიყენება.
„საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები და ღირსეული პარტნიორობა. ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირთან ჩავერთოთ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერი დიალოგის ფორმატში იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0