CIIE 2026: ქართული 37 კომპანია და 3 თემატური პავილიონი შანხაიში

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიშანხაი
შანხაი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
რიგით მეცხრე მასშტაბური გამოფენა ჩინეთში 5-დან 10 ნოემბრამდე იმართება და მასში სულ 162 ქვეყანა მონაწილეობს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo CIIE-2026) საქართველო 37 კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. რიგით მეცხრე მასშტაბური გამოფენა ჩინეთში 5-დან 10 ნოემბრამდე იმართება და მასში სულ 162 ქვეყანა მონაწილეობს.
„წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილის თქმით, წელს გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული სპეციალური ღონისძიების ფორმატში ქართული და ჩინური კომპანიების ორმხრივი შეხვედრები შედგა.
„პირველად, გამოფენის ისტორიაში, გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წლევანდელი კონცეფცია ქვეყნის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეძღვნება. პავილიონის გაფორმებაში გამოყენებულია ნიკო ფიროსმანის შემოქმედება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასში და მოისმინონ ინფორმაცია ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. პავილიონები სხვადასხვა თემატიკით არის წარმოდგენილი, მათ შორის არის სამომხმარებლო მიმართულებაც.
ღონისძიებაში საქართველო ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით და ინვესტიციების სააგენტოს თანადაფინანსებით მონაწილეობს.
საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის.
საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
ყველა ახალი ამბავი
0