ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილის ვიზიტი საქართველოში: პირველი შეხვედრები

© press-service of the President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილეს, ხან ჭენგის უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილეს, ხან ჭენგის უმასპინძლა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
საუბარი შეეხო თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილესთან, ხან ჭენგისთან თბილისში.
ხან ჭენგი საქართველოს ქვეყნის ისტორიაში პირველი ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტის გარდა, ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ.
საუბარი შეეხო თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, ჩინური ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის პოტენციალს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმას.
აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა აკადემიური პროგრამების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო კავშირების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ და ჩინეთის მონაწილეობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მხარეებმა დააფიქსირეს მოლოდინი, რომ მაღალი დონის დიალოგი და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთად განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ.
ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0