საქართველო ჩინეთთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს – პრემიერ-მინისტრი
22:54 06.11.2026 (განახლებულია: 00:54 07.11.2026)
გამოწერა
საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან პარტნიორობასა და მეგობრობას და ყველაფერს გააკეთებს მათი განვითარებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ხან ჭენგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე.
ხან ჭენგი საქართველოს ქვეყნის ისტორიაში პირველი ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და თქვენი ვიზიტიც საქართველოში ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მორიგი გამოხატულებაა. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლისთავზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შეთანხმებას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები.
„რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის და მას შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წინსვლას ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ქვეყნებს შორის.
„წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ჩინეთთან თანამშრომლობის მიმართ მის ინტერესს.
„ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას თბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
„ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარების ინტერესებს“, – აღნიშნა ხან ჭენგმა.
მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის — ეკონომიკურ სფეროში.
„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, – აღნიშნა ხან ჭენგმა.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთად განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ.
ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
