საქართველო და ევროკავშირი: ორი ხედვა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე

© photo: Sputnik
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ოფიციალური კომენტარების წარდგენას ანგარიშზე, ხოლო ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიუთითებს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებზე.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკომისიის ანგარიშით ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მცდელობების შესახებ და მას შეცდომაში შემყვანად მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირი ამტკიცებს, რომ საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წესები უნდა დაიცვას.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშით და მიიჩნევს, რომ ის ევროკავშირთან დიალოგის სივრცეს ავიწროებს.
„შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყება ასევე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის მხარემ, ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე, ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას.
„მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყება ასევე შეშფოთებულია იმის გამო, რომ ანგარიში, შერჩევითი ანალიზის საფუძველზე, ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს.
„სხვადასხვა აქტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას.
ევროკავშირის პოზიცია
ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ გამოთქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
„ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან საქართველოს მმართველი პარტია დაადანაშაულა იმაში, რომ ევროკავშირთან დიალოგს ყოველგვარი შინაარსი დაუკარგა დემოკრატიული უკუქცევის, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარის, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ყოველდღიური გაშავების კამპანიის გზით.
„რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფ სთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ელით, რომ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? ეს გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ ( აქ მან მმართველი პარტიის ევროკომისიის მისამართით ყველა ბოლოდროინდელი განცხადება იგულისხმა).
მან გამოთქვა პრეტენზიები ასევე კანონების მიმართაც, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანაში არის მიღებული.
„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონებია შესაბამისი საქართველოსთვის. თუმცა - და ეს ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის - სათქმელია, თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რას წერია ანგარიშში?
ევროკომისიის ცნობით, რადგან საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებზე, რომლებიც მისი კანდიდატის სტატუსის საფუძვლად უდევს, და ასევე მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე.
კომისია მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში კვლავ გაუარესდა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზიის, ძალაუფლების მზარდი კონცენტრაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციის, სამოქალაქო სივრცის შემდგომი შევიწროების, ასევე მტრული ანტიევროპული რიტორიკისა და დეზინფორმაციის გამო.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთან, პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, ხოლო დემოკრატიული პლურალიზმი კიდევ უფრო გაუარესდა.
„ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში, ასევე ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კომბინირებული ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და იწვევს სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შევიწროებას.
ევროკომისია ასევე შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოყენებით, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პლურალიზმს და შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.
ევროკომისიის პრეტენზიები ასევე ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, როგორც იგი მიიჩნევს, „რეპრესიული კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ, გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მზადყოფნა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები კვლავ ავლენს არასათანადო პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს. ევროკომისიამ ასევე გააკრიტიკა პატიმრობის როგორც თავისუფლების აღკვეთის ზომის გადაჭარბებული გამოყენება, ასევე სასამართლო რეფორმის განხორციელების კუთხით გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფა.
კრიტიკა ასევე შეეხო ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის მოთხოვნების შეუსრულებლობას.
ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ მიაღწია პროგრესს ეკონომიკური რეფორმების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით.