სავაჭრო კავშირების ზრდა: ვიცე-პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეჯამება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
გამოწერა
ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო და ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჩინეთის მასშტაბურ ბაზარზე ქართველი მეწარმეების ხელმისაწვდომობის გაფართოების, ექსპორტის ზრდისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას.
ქვრივიშვილმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელ HotMaxx-ის თანადამფუძნებელ ჭანგ ნინგთან გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივები.

მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, რა პროცესშიც განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ბაზარს ეთმობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის.
ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტი ასევე შეხვდა მულტისექტორული ჩინური კორპორაცია Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარე ჭანგ იულიანგს.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში იმყოფება
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს.
გარდა ამისა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარება განიხილა საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესთან და დირექტორთან ჯეიმს ლინთან შეხვედრისას.
კერძოდ, აქცენტი გაკეთდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინურ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე, FTZCOC Group-ის საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებით.
ავიამიმოსვლის განვითარება და ჩინური პორტი
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ვან ცინგჩაოს შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის მიერ შანხაი-თბილისის რეგულარული რეისების დაწყება. აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებულია, გამოირჩევა მაღალი დატვირთულობით და მზარდი მოთხოვნით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.
ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

თამარ იოსელიანი ჩინეთში შეხვედრებს მართავს
© liushuang
აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის მგზავრებისთვის დამატებით ტურისტული მიმართულებების, ასევე საქართველოს რკინიგზის და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების შეთავაზების საკითხი.
გარდა ამისა, იოსელიანმა შეხვედრა გამართა შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის - Shanghai International Port Group-ის (SIPG) ვიცე-პრეზიდენტ ჟენ ჟუეისთან. იოსელიანი შანხაის პორტის ოპერირების თანამედროვე სისტემებს, ტვირთების გადამუშავებისა და მართვის, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სერვისების ურთიერთკავშირსა და კოორდინაციის პროცესებს გაეცნო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შანხაის პორტი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საკონტეინერო პორტი და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ეფექტიანი საოპერაციო სისტემებითა და საპორტო ინფრასტრუქტურის მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დამაკავშირებელი რგოლის, როლის გაძლიერებას.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).