ბოჭორიშვილი: ევროკავშირში არსებული ტენდენციები მხოლოდ ანგარიშის შემდეგ შეფასდება

© Courtesy of Maka Bochorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც ევროკომისია საქართველოს შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რა ტენდენციები ჭარბობს ბრიუსელში ქვეყნის მიმართ და რამდენად მზადაა ევროკავშირი ურთიერთობები გულწრფელ დიალოგზე დააფუძნოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისია წარადგენს 2026 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოს შესახებაც. ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული ბიუროკრატიის მწვავე კრიტიკისა და უსამართლო დამოკიდებულების თაობაზე ბრალდებების ფონზე. თავის მხრივ, ევროკომისიამ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების გამო.
„დაველოდოთ ანგარიშს, როგორი იქნება და შემდგომ შეგვიძლია უკვე შევაფასოთ ის ტენდენციები, რაც არის ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებით და რამდენად არის მზაობა იმისათვის, რომ ჩვენ ურთიერთობაში იყოს რეალურ ინფორმაციაზე თუ რეალურ დიალოგზე დაყრდნობილი ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ანგარიშის მოსამზადებლად ევროკავშირს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული და ასახული დოკუმენტში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაციები ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის არარსებობა, როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე, სწორი ანალიზის გაკეთებას შეუძლებელს ხდის.
„იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველო ძირითადად ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე არის ორიენტირებული და არა მოწოდებულ რეკომენდაციებზე.
„თუმცა კითხვა მზად არის თუ არა ევროკავშირი ობიექტურად შეაფასოს ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ღიად რჩება. გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირმა ეკონომიკური თვალსაზრისით შეფასება საერთოდ არ გააკეთა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მოუმზადებლობა, შეაფასოს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
წინასწარი შეფასებები
საქართველოს შესახებ ანგარიში თბილისის დროით 18:00 საათისთვის გამოქვეყნდება.
„დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის წევრობის საფუძველია. ეს ფუნდამენტური პრინციპები ვრცელდება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე. მათი განხორციელება არ არის ნებაყოფლობითი. ფუნდამენტური საკითხების გადაჭრაში პროგრესის გარეშე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი პრაქტიკულად შეუძლებელია: ევროკავშირი არის ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც ანგარიშის გამოქვეყნებამდე გავრცელდა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0