კობახიძე: საქართველოს საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ერთგულია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
ევროკომისია 4 ნოემბერს წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს” , რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ერთგულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპული საინფორმაციო მაუწყებლის „ევრონიუსის" (Euronews) მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების რიგით მეორე სამიტში.
სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ევროკავშირის გაფართოება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც ქვეყნის უზენაეს კანონშია გაწერილი. მისი თქმით, ეს ჩანაწერი სწორედ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაჩნდა.
„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ნორმა საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია. საპარლამენტი არჩევნებში მმართველმა გუნდმა სწორედ მთავარი ლოზუნგით – „ღირსებით ევროპისკენ“ – გაიმარჯვა, დასძინა მან.
სამიტზე გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია, ევროკომისიის მიმართ კი - დაბალი. მისი თქმით, მოსახლეობა ენდობა „ქართულ ოცნებას“, რაზეც არჩევნების შედეგებიც მოწმობს.
ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით საუბრისას, როგორც კობახიძემ განაცხადა, ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსს საქართველოს შანტაჟისთვის.
„2022 წლის მარტში კანდიდატის სტატუსი მოვითხოვეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ჩვენი განაცხადი იყო უარყოფილი, ეს იყო დიდი შეცდომა და არასამართლიანი, რადგანაც ამის საფუძველი არ არსებობდა... წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოგვიწია ბრძოლა, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ჩვენ ცხრაპუნქტიანი დავალება გვქონდა, გვქონდა დღის წესრიგი ევროპული კომისიის მიერ მოცემული და ჩვენ ვიყავით ერთგული ამ დღის წესრიგის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს შესთავაზა, პოლიტიკურ დონეზე ღია, საჯარო დიალოგი დაიწყოს, რათა ურთიერთობები გაჯანსაღდეს.
ევროკომისია 4 ნოემბერს წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს” , რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0