კობახიძე Euronews-ის ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
სამიტზე დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ (Euronews) ორგანიზებით გაიმართება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპული საინფორმაციო მაუწყებლის Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების რიგით მეორე სამიტი დღეს, 3 ნოემბერს ტარდება.
ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის.
„დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამიტზე ასევე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.
სამიტის სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ოფიციალური „ევროკავშირის გაფართოების ფორუმი“ (EU Enlargement Forum 2026) მიმდინარე წლის 15-16 ნოემბერს იმართება. ფორუმი, რომლის დევიზია „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“ (Wider Europe – Stronger Europe), ბრიუსელში ჩატარდება. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.
საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის. დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოდან სპიკერებს შორის დასახელებულია მხოლოდ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია (საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებელი).
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არც გასულ წელს მიუწვევიათ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0