კობახიძე: ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე.
„გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი თაობით გაძლიერებული და მომავალზე ორიენტირებული ქართული დიპლომატია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას “, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეისთვის ქართული დიპლომატიის მთავარი მიზანი საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს მიზნების მიღწევაა.
„ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხია სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება" - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ელჩებს, ატაშეებს, საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ რა დიდი წვლილი შეიტანა ქართულმა დიპლომატიამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების არაერთი თაობა აღზარდა, რომელთა პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ქვეყნისადმი ერთგულება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დიპლომატს, ვინც თავისი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით და ერთგულებით ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიპლომატია განსაკუთრებული სიფაქიზისა და პასუხისმგებლობის ხელოვნებაა, სადაც თითოეულ სიტყვას შეუძლია, იქცეს, როგორც დაპირისპირების, ისე დიალოგის და შეთანხმების ინსტრუმენტად.
„ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ სულისკვეთებით, ქართველი დიპლომატების პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნისადმი ერთგულებით და სიამაყით გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (1658 — 1725).
სულხან ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში და სამეფო კარზე გაიზარდა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სახელი საბა ბერად აღკვეცის დროს დაერქვა. ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღმზრდელი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0