სებ-ი: მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
პროგრამა ძირითადად გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, რათა მათ ადრეული ასაკიდან გამოუმუშავდეთ პირადი ფინანსების სწორად მართვის ჩვევები
თბილისი, 1 ნოემბერი -Sputnik. ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პროექტი - „ფინანსური განათლების ავტობუსი" („ფინედუს“ ავტობუსი) წარადგინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მასშტაბური რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს ფინანსური წიგნიერების გავრცელებას იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროებაა.
ინიციატივის ფარგლებში, „ფინედუს" ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მოემსახურება და მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„ფინედუს" ავტობუსი აღჭურვილია საგანმანათლებლო მასალებით, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, არაფორმალურ და საინტერესო გარემოში მიიღონ საბაზისო ცოდნა დაზოგვის, ბიუჯეტირების, სესხებისა და ფინანსური უსაფრთხოების (მათ შორის, კიბერთაღლითობისგან დაცვის) შესახებ.
პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელებს, ხელს შეუწყობს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ქალაქისა და სოფლის სკოლებში, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა დასახლებებში.
ზაფხულის პერიოდში ასევე დაგეგმილია ფინანსური წიგნიერების სასკოლო პროექტების ფესტივალების გამართვა ხუთ რეგიონში.
პროგრამის განხორციელების პროცესის მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, „სილქ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „თიბისი ბანკმა“, „ბაზისბანკმა“, „მიკრობანკმა კრისტალმა“ და „მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველომ“.
ყველა ახალი ამბავი
0