საქართველო მზადაა დაიცვას თავისი პოზიცია სტრასბურგში: მინისტრმა ბერსეს უპასუხა

© photo: Paata Salia / FBპაატა სალია
პაატა სალია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
მანამდე ალენ ბერსემ დაუშვა, რომ საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საქმე, შესაძლოა, ევროპულმა სასამართლოებმა განიხილონ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ შესაძლო აკრძალვას ეხება, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა განცხადებებსა და შეფასებას, მათ შორის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმე შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცეს. სალიას თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები.
„ალან ბერსე არ არის მოსამართლე. პირველ რიგში, ყველამ უნდა იცოდეს და გაიაზროს თავისი ფუნქცია, მოვალეობა და პასუხისმგებლობა. მე არ მომისმენია ალან ბერსეს განცხადება, მაგრამ არა მგონია, ალან ბერსე ჩარეულიყო ასე პირდაპირ სასამართლო პროცედურებში“, – აღნიშნა სალიამ.
მინისტრი გამოეხმაურა ბერსეს სიტყვებს იმის შესახებ, რომ „იკვეთება ნიშნები ევროპის სასამართლოს საჭიროების“, და განაცხადა, რომ გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება პროცესში მონაწილე მხარეს აქვს.
„ეს მხარემ უნდა გადაწყვიტოს, როცა იქნება გადაწყვეტილება და იმის მიხედვით. მოპასუხე მხარემ საკონსტიტუციო განხილვის ფარგლებში დააფიქსირა პოზიცია, რომ აპირებენ, მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს მათი უფლებაა.– განაცხადა სალიამ.
მისი თქმით, სახელმწიფოს რეაგირება იქნება დამოკიდებული იმაზე, რა შედეგი დადგება საქმეზე, რა იქნება სარჩელის შინაარსი. ხოლო თუ სახელმწიფოს პოზიციის დაცვა სტრასბურგის სასამართლოში მოუწევს, უწყება პროცედურით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
„ჯერ სარჩელი დაიწეროს, მერე მიიღოს სასამართლომ. მერე ჩვენი ვალდებულებაა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, ჩავერთოთ და შეპასუხება გავაგზავნოთ და იმ პროცედურებში მივიღოთ მონაწილეობა, რასაც ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ სახელმწიფო“, – აღნიშნა სალიამ.
მანამდე ალენ ბერსემ დაუშვა, რომ საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი, შესაძლოა, ევროპულმა სასამართლოებმა განიხილონ. ბერსემ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური პარტიის გაუქმება მყარ საფუძვლებს, ასევე აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას მოითხოვს. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ არ აპირებს გავლენა მოახდინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციაზე, მმართველ უმრავლესობას კი პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“. სხდომები 21 ოქტომბერს დაიწყო.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
ყველა ახალი ამბავი
0