ვინ ააშენებს თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალს: ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდა

© United Airports of Georgiaახალი აეროპორტის კობცეფცია თელავში
ახალი აეროპორტის კობცეფცია თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა და ახლა ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს, იუწყება პორტალი bm.ge
27 აგვისტოს გამოცხადებულ თელავის აეროპორტის ტენდერში შპს "ბილდკინგსმა" გაიმარჯვა. კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი 11,65 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1,62 მილიონი ლარით ნაკლებია.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2016 წელს რეგისტრირებულ კომპანიაში წილები ასე ნაწილდება: ლაშა რუხაძე - 40%, დავით კაპანაძე - 20%, ნელი კალაძე - 40%.
კომპანიას 214,4 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული. დირექტორები ლაშა რუხაძე და საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მურთაზ მებონია არიან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის ახალ აეროპორტზე ჯერ კიდევ ზაფხულში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობა მომავალი წლის ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ორი შიდა დანიშნულების აეროპორტი (მესტია და ამბროლაური) აქვს, სადაც ფრენებს 2018 წლიდან სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე "აკ-ეარ ჯორჯია" ნატახტრიდან ასრულებს. შიდა ფრენები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0