საქართველოში საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Alipay+ შემოდის

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიQR-გადახდა
QR-გადახდა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
შეთანხმების თანახმად, Neo Georgian Bank-ი საქართველოში Alipay+-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა ბანკმა Neo Georgian Bank-მა საერთაშორისო კომპანია Ant International-თან ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოში Alipay+-ის გლობალური საგადასახადო და ციფრული პლატფორმის დანერგვის შესახებ, რითაც ის ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე, იუწყება მედიაპლატფორმა bmg.
მხარეებმა შეთანხმებას 27 ოქტომბერს, თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, Neo Georgian Bank-ი საქართველოში Alipay+-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა - ბანკი საქართველოში Alipay+-ის ტექნოლოგიური და ანგარიშსწორების ცენტრალიზებული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები ქსელში ჩართვას შეძლებენ.
ინიციატივა მოიცავს ადგილობრივი ბანკების შეუფერხებელ ინტეგრაციას ცენტრალიზებულ ქსელში, QR-გადახდების მიღების დანერგვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ქართული ბარათებისა და აპლიკაციების სრულ თავსებადობას Alipay+-ის გლობალურ ქსელთან.
„ეს პარტნიორობა ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - ჩვენ საქართველოს მთელ საფინანსო სისტემასა და ეროვნულ ეკონომიკას მსოფლიოში უმსხვილეს საგადახდო ქსელთან ვაკავშირებთ. ეს ჩვენი ბანკის პირველი ფლაგმანური ტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც ქართულ ბიზნესს აზიისა და გლობალური ბაზრების მომხმარებლებთან პირდაპირ და გაცილებით ეკონომიურ წვდომას აძლევს“, - განაცხადა Neo Georgian Bank-ის გენდირექტორმა კახა კოდუამ.
მარეგულირებელი ორგანოების ნებართვების მიღებისა და საწყისი საპილოტე ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, სისტემის სრული საოპერაციო გაშვება 2027 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის იგეგმება.
Alipay+ საერთაშორისო საგადახდო ქსელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მობილურ საფულეებსა და საგადახდო აპლიკაციებს სავაჭრო ობიექტებთან აკავშირებს. მისი საშუალებით მომხმარებლებს საზღვარგარეთ გადახდა უკვე არსებული აპლიკაციებით, მათ შორის QR-კოდის დასკანერებით, შეუძლიათ. პლატფორმა აერთიანებს 50-ზე მეტ საგადახდო პარტნიორს, 2 მილიარდზე მეტ მომხმარებლის ანგარიშსა და 150 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტს მსოფლიოში.
ქსელის პარტნიორებს შორისაა ჩინეთის Alipay, სამხრეთ კორეის Kakao Pay და Naver Pay, ფილიპინების GCash და მალაიზიის Touch 'n Go eWallet.
Alipay+-ის პოტენციალი საქართველოში
პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი პოტენციური მიმართულება ტურიზმია. საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს, რომელთა ქვეყნებშიც Alipay+-ის პარტნიორი საგადახდო აპლიკაციები გამოიყენება, შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივ სავაჭრო, კვებისა და განთავსების ობიექტებში საკუთარი მობილური საფულეებით გადაიხადონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტურისტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ადგილობრივი გადახდის მეთოდების გამოყენების სირთულეებს ან ბარათით ანგარიშსწორებისას დამატებით ხარჯებს აწყდებიან.
პლატფორმის მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს აზიის ბაზრებთან საგადახდო კავშირების გაძლიერებაც. ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელებული ციფრული საფულეების ქსელთან ინტეგრაცია ქართულ სასტუმროებს, რესტორნებს, საცალო ვაჭრობის ობიექტებსა და მცირე ბიზნესებს დამატებითი მომხმარებლების მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, QR-გადახდების გავრცელებამ შესაძლოა მცირე სავაჭრო ობიექტებისთვის საერთაშორისო გადახდების მიღება გაამარტივოს.
ყველა ახალი ამბავი
0