დადგინდა თევზის ჭერის კვოტები შავ ზღვაში

თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
კვოტები საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებისა და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ოფიციალურად დადგინდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ძირითადი სარეწაო სახეობის — ქაფშიის (ანჩოუსის) მოსაპოვებელი კვოტა 90 ათასი ტონით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება წინა, 2025-2026 წლების სეზონის კვოტას, რომელიც 65 ათას ტონას შეადგენდა.
თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ქაფშიის მოპოვების სეზონი კი ძირითადად ნოემბერში იწყება.
მარაგების შეფასება და კვოტირების დადგენა განხორციელდა ევროკავშირის სტანდარტებისა და ხმელთაშუა ზღვის გენერალური კომისიის (GFCM) მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
„სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები", – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარაგების დეტალური შეფასება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის სტაბილურ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.
ყველა ახალი ამბავი
0