ჯარიმა 1 მლნ ლარი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა: მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

© State Security Service Of Georgiaრომეო მიქაუტაძის დაკავება
რომეო მიქაუტაძის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე საპატიმროს 2028 წლის ივნისში დატოვებს.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რომეო მიქაუტაძეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში ეკავა, ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 2025 წლის ივნისში დააკავეს. ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა 2026 წლის 16 მარტს მიუსაჯა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
უწყების ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, მადრიდში მდებარე 1.882.168 ლარის ღირებულების ბინა, 372.720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1.577.306 ლარის ღირებულების შპს "ნახიდური ჰესის" 15%-იანი წილი, 510.000 ლარის ღირებულების ავტომობილი MERCEDES-BENZ G 63 AMG, 350.000 ლარის ღირებულების ავტომობილი LAND ROVER RANGE ROVER, 100.000 ლარის ღირებულების ავტომობილი LEXUS ES 250 , 630.110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99.504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19.770 ლარის ღირებულების მონეტები.
გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს "თბილსერვის ჯგუფისთვის" მიყენებული ზიანი 114.658,08 ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0