მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 ოქტომბერს ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასეთი ფორმატის შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩაატარებს.
მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით დინამიკურად ვითარდება, რასაც მაღალი დონის ვიზიტების მზარდი ინტენსივობა და ყაზახეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარება ადასტურებს.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო პერიოდში როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპი. შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენი და მათი სტრატეგიული მიზნები ეკონომიკური თვალსაზრისით თანხვედრაშია“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრა ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.
„ვფიქრობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხელს შეუწყობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, დაკავშირებადობის გაძლიერებას. იმედი გვაქვს, რომ ამ ტიპის და ამ ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეწვევიან თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
ყველა ახალი ამბავი
0