40 მლრდ ლარი 10 წელიწადში: მინისტრის მოადგილე საქართველოს ეკონომიკის განვითარების გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerაწარმოე საქართველოში
აწარმოე საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
დღეისათვის არსებული ყველა ინსტრუმენტი და პროგრამა არამარტო შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია“ (GEDC) ​​მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას შეუწყოს ხელი, აქედან ორი მესამედი მიმართული იქნება სრულიად ახალი სექტორებისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმისკენ, რაც ბიზნესს მასშტაბურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საქართველოს მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე დააფუძნა. უწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ადრე მისი უფლებამოსილება, ძირითადად, მხოლოდ ამ პროგრამის მართვით შემოიფარგლებოდა. ახლა კი მას ეტაპობრივად დაემატება „ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და „საქართველოს განვითარების ფონდის“ ფუნქციები. ახალი სტრუქტურა გააერთიანებს რამდენიმე სახელმწიფო უწყების დაგროვილ გამოცდილებასა და ფინანსურ რესურსებს, რათა ბიზნესის მხარდაჭერა უფრო მასშტაბური და უკეთ კოორდინირებული გახდეს.
„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
კორპორაციის გეგმებზე საუბრისას ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თანხიდან 2/3 იქნება მიემართება ახალ სფეროებზე, რომლებითაც დღეს სახელმწიფო არ იყო ისე აქტიურად წარმოდგენილი.
„მაგალითად, თუ დღეს ვამბობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა სააგენტომ („აწარმოე საქართველოში“) სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტია პროგრამის ფინანსური კომპონენტით ნასარგებლები, ჩვენ ათ წელზე უფრო ხანმოკლე პერიოდში ვიტყვით, რამდენად გაიზარდა კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში“, - განაცხადა მან.
ნადარეიშვილის თქმით, ფინანსურ სექტორში კაპიტალის ბაზრის წილის ზრდა პრიორიტეტულია.
„ამოცანა გვაქვს, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წონა მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტისა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნა მან.
ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს და ამასთან შეინარჩუნებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას როგორც საკვანძო პრიორიტეტს.
მისი თქმით, დღეისათვის არსებული ყველა ინსტრუმენტი და პროგრამა არამარტო შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება.
„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს. ნადარეიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა.
„ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“, - განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე.
„პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ახალი მიმართულებებიდან საკვანძო ადგილი ენერგეტიკის სექტორს უკავია.
„როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა მიმართულებით და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპორტის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტებია შემუშავებული, დაინერგა და მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. მისი განმარტებით, ეს შეეხება ფართო სპექტრს - როგორც სექტორების, ასევე ბიზნესების და არა მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.
„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
2027 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, კორპორაციისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ეს თანხა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებას უკავშირდება.
აღნიშნული თანხიდან 5 მილიონი ლარი ადმინისტრაციული ხარჯებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 195 მილიონი ლარი — უშუალოდ თავად პროგრამისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0