ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, რომელთა შორის 62 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდნენ როგორც უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, „მარიხუანა“ და სხვა.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, პოლიცია უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვასა და კონტროლს.
ყველა ახალი ამბავი
0