რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოდან ვაკანტური იყო.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თავისი ბარიერი აქვს, ეს მოცემულობა არ შეცვლილა და, შესაბამისად, არ შეცვლილა ჩვენი დამოკიდებულებაც“, — განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ზურაბაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1-ელ ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0