ქვრივიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ახალ შესაძლებლობებს შექმნის

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
უწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საქართველოს მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე დააფუძნა. უწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. კორპორაციის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მის ხელმძღვანელად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა.
„ათწლეულის წინ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნესისთვის განვითარების საწყისი პირობების შექმნა იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებაზე, მსხვილ სტრატეგიულ ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვისობრივ გაძლიერებაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი, შესაბამისად, იცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტებიც და სწორედ ამ ცვლილების გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია.
„ახალი კორპორაციის ჩამოყალიბებით ჩვენ ერთიან სისტემაში ვაერთიანებთ ფინანსურ რესურსებს, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებსა და განვითარების ინსტრუმენტებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა გახდეს უფრო ეფექტიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. კორპორაცია შეინარჩუნებს იმ პროგრამებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ათასობით მეწარმეს წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვნად ფართოვდება შესაძლებლობები და საქმიანობის ფარგლები.
„ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ექნება გაცილებით მოქნილი და ძლიერი ინსტრუმენტი იმ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ზრდის ექსპორტს, ავითარებს თანამედროვე საწარმოებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უწყების მთავარი მიზანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ახალი ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორპორაციას შეერწყმება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ფუნქციებიც.
ყველა ახალი ამბავი
0