დახმარება დევნილებისთვის: განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილებისთვის საცხოვრებლის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის წესები განსაზღვრა.
12 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად ფულადი კომპენსაციების პროგრამის ამოქმედების თაობაზე განაცხადა.
პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. რაც შეეხება თავად კომპენსაციის ოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული. პროგრამაში განაცხადის წარდგენა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი.
წესების თანახმად, კომპენსაციის მისაღებად დევნილებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმის განაცხადი. ამის შემდეგ სპეციალური კომისია შეამოწმებს თითოეულ განცხადებას, ოჯახების შემოწმების შემდგომ კი თანხების გაცემა განხორციელდება რიგითობის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.
წესების თანახმად, განაცხადში ოჯახის წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ მისამართზე რეალურად მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობას. განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი. არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.
გარდა ამისა, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.
დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი - პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300.549 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96.313 ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0