„სამარცხვინო პოზიცია“: შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობა მკაცრად გააკრიტიკა

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ასეთი პოზიცია ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოებრიობას უარყოფს, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გადაწყვეტილება შუა საუკუნეების ღირებულებებს ავლენს და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს უარყოფს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ პარასკევს განაცხადა, რომ „საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას“, თუმცა გააგრძელებს „საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“.
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ ის აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის სამარცხვინო პოზიცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ასეთი პოზიცია ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოებრიობას უარყოფს.
„სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას“, - დაასკვნა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0