როგორ მიმდინარეობს რთველი „ხვანჭკარას“ სამშობლოში

© Sputnik / Vladimir Umikashviliრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
2026 წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში, დღეისთვის 682 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კახეთის შემდეგ 14 ოქტომბერს რთველი რაჭაშიც დაიწყო.
მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.
პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში გაიხსნება. რიგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს “ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა“ მზადდება „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით.
რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც, სადაც 15 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 280 ათასამდე ტონა ყურძენი.
ყველა ახალი ამბავი
0