საქართველოში შესაძლოა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოწერა გამარტივდეს - ჯანდაცვის მინისტრი

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
ბევრი პაციენტი ჩივის, რომ ხშირად აწყდება დეფიციტს და მკურნალობას ვერ აგრძელებს, რადგან პრეპარატის მხოლოდ ორკვირიანი მარაგის შეძენა შეუძლია
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ მკურნალობის ვადის ხანგრძლივობის გაზრდაზე, რომლისთვისაც შესაძლებელია ფსიქოტროპული მედიკამენტების მარაგის შეძენა, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეისათვის რეცეპტით ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 14 დღის მარაგით. ბევრი პაციენტი ჩივის, რომ ხშირად აწყდება დეფიციტს და მკურნალობას ვერ აგრძელებს.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული, მათ შორის, ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის განმარტებით, 2025 წელს დაწესებული რეგულაციების შედეგად ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.
ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოში კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი აეკრძალა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების იმპორტი და რეალიზაცია სახელმწიფოს ექსკლუზიურ პრეროგატივად იქცა.
გარდა ამისა, დაწესდა მკაცრი კონტროლი რეცეპტების გაცემასა და აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაციაზე. ფსიქოტროპული პრეპარატების შეძენა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ აფთიაქებშია შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0