ყალბი საბუთები აშშ-ის ვიზისთვის: არგენტინიდან გიორგი ხატიაშვილის ექსტრადიცია განხორციელდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი უკვე ექსტრადირებულია გერმანიიდან.
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება.
ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი.
„გიორგი ხატიაშვილმა დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. ქეისების და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.
ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი პირი, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023 - 2026 წლებში საკუთარი მომსახურება შესთავაზეს და მათგან დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2,2 მლნ დოლარი და 12.500 ევრო მიიღეს.
საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი უკვე ექსტრადირებულია გერმანიიდან.
უწყების ცნობით, მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თბილისში ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩართულობას.
ყველა ახალი ამბავი
0