„ხვანჭკარის" სამშობლოში რთველი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა“ მზადდება „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია 145 ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა.
სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინოების „ხვანჭკარისა" და "რაჭის" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.
რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
ყველა ახალი ამბავი
0