რა არ მოგწონთ? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარ კოსს უპასუხა

მარტა კოსი
მარტა კოსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
თბილისს ბრიუსელისთვის რომ მოესმინა და ესკალაციის გზით წასულიყო, საქართველო, შესაძლოა, იმ შედეგების წინაშე დამდგარიყო, რაც უკრაინასა და მოლდოვაში შეინიშნება, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ერთგულია ქრისტიანული ღირებულებების, ამიტომაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდება ევროპულ ორიენტირებთან დაბრუნების შესახებ გაუგებარია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, კოსმა კვლავ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი „მხოლოდ ქაღალდზე“ არსებობს. მისი თქმით, წინსვლის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება უკან იხევს და იღებს უამრავ კანონს, რომლებიც, ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანას ევროპულ ღირებულებებს აშორებს. კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის განაახლოს თბილისთან ურთიერთობა, თუ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს.
„მარტა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო, ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ასევე ასევე გააკრიტიკა ფორმულირება - საქართველოს კანდიდატობის შესახებ „მხოლოდ ქაღალდზე“ და მას სიცრუე უწოდა, ამასთან დასძინა, რომ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას, შესაძლოა ,ქვეყანა ესკალაციამდე მიეყვანა.
„რაც შეეხება მხოლოდ ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია - ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, თბილისს ბრიუსელის რჩევა რომ გაეთვალისწინებინა და ესკალაციის გზას დადგომოდა, საქართველოს, შესაძლოა, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შედეგები მიეღო. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და მოლდოვაში არსებულ ეკონომიკურ სტაგნაციაზე.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0