ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ათობით კაკაბი და გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს

© Agency of Wildlife of Georgiaბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ათობით კაკაბი და გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ათობით კაკაბი და გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
ღონისძიების მიზანი სახეობების აღდგენა და პოპულაციების გაძლიერებაა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ველურ ბუნებაში 100 ფრთა გნოლი და 100 ფრთა კაკაბი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კაკაბი და გნოლი საქართველოს ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი ფრინველთა სახეობებია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მათი ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა. კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასცა.
სახეობების პოპულაციების აღდგენისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები მიმდინარე პერიოდში განხორციელდა ალგეთის, თბილისის, მარიამჯვრის, კოლხეთისა და ტანას დაცულ ტერიტორიებზეც.
კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები. კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც, ხოლო გნოლი საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს, ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მეტრამდე.
უწყების ინფორმაციით, სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნება და მათი ბუნებრივი პოპულაციების გაძლიერებაა.
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.
მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0